12

კამილო ხოსე სელა – პიო ბაროხას მოსწავლე

სერიიდან ჩემი ლიტერატურული რჩევები

კამილო ხოსე სელაზე ცოტა იქმდეც მსმენოდა  ვიდრე  ” პარნასში” მის ერთერთ ნაწარმოებს, “პასკუალე დუარტეს ოჯახსა” და მოთხრობებს წავაწყდებოდი.  იმ დღეს მძიმე არჩევანის წინაშე დავდექი: ლუიჯი პირანდელო (“განსვენებული მატია პასკალი”)   თუ კამილო ხოსე სელა? ორივე ნობელის პრემიის ლაურეატია, მაშ რომლისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა? საბოლოოდ, ესპანურენოვანი ლიტერატურის სიყვარულმა არჩევანი მაინც სელაზე გამაკეთებინა. იმ საღამოს, კითხვის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, ამბავი პასკუალე დუარტესა და მის ოჯახზე საოცრად მიმზიდველი და მსუბუქად წასაკითხი აღმოჩნდა.

 მწერალს ორიგინალური ხერხი აქვს გამოყენებული ამბის გადმოსაცემად. ეს არის თავად პასკუალე დუარტეს ნაამბობი საკნიდან, სადაც ის სიკვდილით დასჯას ელოდებოდა. სიცოცხლის აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე, წიგნის მთავარი გმირი ქარალდზე გადმოტანილ საკუთარ თავგადასავალს სენიორ დონ ხოაკინ ბარერა ლოპესს უგზავნის. თითქოს გადმოცემის ფორმა (ხელნაწერების საქაღალდე) რაღაცით წააგავს ჭაბუა ამირეჯიბის მიერ არჩეულ ფორმას რომანში “დათა თუთაშხია”. თუმცაღა პასკუალე დუარტე თუთაშხიასგან განსხვავებით თავად ყვება საკუთარ ამბავს, პირველ პირში.

 საბოლოოდ მოთხრობა ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. ოდნავ განსხვავებული და მოქნილი წერის სტილის წყალობით  კამილო ხოსე სელა რეალისტურად გვიხატავს სურათებს პასკუალე დუარტეს სიძნელეებითა და ტანჯვით აღსავსე ცხოვრებიდან. ესპანელი მწერალი შიშვლად წარმოგვიჩენს მთავარ გმირს, თავისი სიძულვილის, სიყვარულის, ცოდვების, დანაშაულებისა და ცოტაოდენი დამსახურების თანხლებით.  მსგავსი სახის წაკითხული წიგნებიდან ვფიქრობ ეს ყველაზე ჭეშმარიტი აღსარებაა საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე.

 ძალიან მომეწონა კამილო ხოსე სელას მოთხრობები. ისინი უდავოდ განსხვავდება სხვა მწერლების ნამუშევრებისაგან. საერთოდაც მომეჩვენა, რომ სელას ყოველი სტრიქონი შეიძლება გაარჩიო სხვა ნაწერებისაგან ისე რომ თქვა: ეს ხოსე სელაა.

საკუთარ თავს საკმაოდ ორიგინალურად აფასებს: “თავი ესპანეთის საუკეთესო მწერლად მიმაჩნია ოთხმოცდათვრამეტი წლის თაობის შემდეგ და თვითონაც მიკვირს რა ადვილად მივაღწიე ამას. მომიტევეთ, აბა მე რა უნდა მექნა!”

 საკმაოდ ბევრი გავიგე ამ მწერლის შესახებ ერთი ჩვეულებრივი, სამასგვერდიანი წიგნიდან. აქვეა მისი ლექცია, რომელიც 1989 წელს წაიკითხა ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

საბოლოოდ გირჩევთ დაინტერესდეთ ამ კაცის შემოქმედებით. მე კი შევეცდები შიგადაშიგ მის სხვა რომანებზეც დავწერო.

 

დათო გორგილაძე

Advertisements