როცა მეზობელ კორპუსთან მცოხრებმა, ხალხის მოწყალების მოლოდინში მყოფმა ძაღლმაც კი საკუთარი ბლოგი გააკეთა, გადავწყვიტე ზრდილობის გამო მაინც მოვქცეულიყავი ანალოგიურად და აი თქვენ წინაშე ვარ: ქართული ცხვირით, გადაბმული წარბებით, არცთუ ძალიან ლამაზი ღიმილით, მოჭარბებული კილოგრამებით, საკუთარი თავისა და რამდენიმე ჩემნაირისათვის მოსაწონი იუმორის გრძნობით, სიყვარულით, სიძულვილით, ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით, მოძველებული მენტალიტეტით, ზოგჯერ კი გამაოგნებლად თანამედროვე აზროვნებით, თბილისის პერიფერიულ უბანში მცხოვრები ადამიანის ქცევით და მუდამ ჩემ ცხვირზე მყოფი სათვალით. გთხოვთ მიცნობდეთ და შემიყვაროთ. ანაც მხოლოდ ნაცნობობით შემოვიფარგლოთ.
18 წლის მანძილზე უამრავი პროფესია გამოვიცვალე. ჯერ გამომძიებლობა მინდოდა, ერკიულ პუაროს, შერლოკ ჰოლმსის, კომისარი მეგრეს, ლეიტენანტ კოლომბოსა და ზაზა კანაშვილის გამო, რომელიც ჩემს უბანში ცხოვრობდა და კოვერკოტის კოსტიუმით დადიოდა ხოლმე. შემდეგ უბრალო იურისტი მინდოდა ვყოფილიყავი, მემანქანე, არქეოლოგი, მერე ექიმობა გადავწყვიტე, რომელზეც მამაჩემმა მითხრა არ გინდა ჩემსავთთ გაწვალდებიო და ახლა კი ბრაზობს რატომ არ გახდი ექიმიო. კინორეჟისორობაც მინდოდა, მაგრამ ამ გიჟურ აზრს მაშინ დაესვა წერტილი, როცა ბაადურ წულაძემ დამარწმუნა კარგად იცოდე კინოს ისტორია და იყო კარგი კინორეჟისორი – განსხავებული ცნებებია. . .
სანამ ჟურნალისტობამდე მივიდოდა საქმე მწერლობის იდეა გამიჩნდა. ჟურნალისტმა მწერლებმა, გაბრიელ გარსია მარკესმა, კარელ ჩაპეკმა, ერნესტ ჰემინგუეიმ, კენ კიზიმ და ტრუმენ კაპოტემ (ამ წყალწაღებულმა გეიმაც კი) დამარწმუნეს, რომ “თუკი შეგიძლია გააკეთო კარგი რეპორტაჟი, შენ იმავე წარმატებით შეძლებ შექმნა კარგი რომანი” (გაბრიელ გარსია მარკესი). როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მივხვდი, რომ რომანისა და მოთხრობის შექმნა, “შუშანიკისა და ვარსქენის შედარებითი დახასიათების” წერაზე რთულია. ველი იმ დროს, როცა ამ სირთულესთან შეჭიდებას შევძლებ. დღესდღეობით ვთვლი, რომ ჟურნალისტობა მართლაც ჩემი საქმეა (ოღონდ შორს პოლიტიკა)
ერთხელ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: “როცა ვინმე იბადება ისე, რომ მერე თითებში დაუძლეველ ქავილს გრძნობს, რაც შემდგომში მხოლოდ წერით თუ დაცხრება ხოლმე, იმან აუცილებლად უნდა წეროს”
მე ამ დაავადებით ვარ შეპყრობილი. ჰოდა ამიტანეთ როგორც გინდათ და იკითხეთ ჩემი ნაწერები.
მუდამ თქვენი, დათო გორგილაძე