13

მარკესი კაბაში

 

როგორც წესი, ქართველებისთვის, ლათინური ამერიკის სამწერლო დასის სახეს გაბრიელ გარსია მარკესი წარმოადგენს. ეს კაცი ჩემი ფავორიტი მწერალია. გაბო (ასე უწოდებენ მას სამშოლოში) საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, მაგრამ ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში მის სიყვარულს იჩემებენ მოდის გამო, ისე რომ “მარტოობის 100 წელიწადის” გარდა მისი არც არაფერი აქვთ წაკითხული. მოკლედ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. . .  პოსტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, პირველი იქნება იმ სერიიდან, რომლებშიც ლათინური ამერიკის სხვა საინტერესო მწერლებს გავაცნობ ლიტერატურის იმ მოყვარულებს, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს მათ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ლათინოამერიკულ მწერლობაში (რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს) მარკესის გარდა სხვა საინტერესო სახეებიც არიან.

 ისაბელ ალიენდე, მწერალი ჩილედან

 ისაბელ ალიენდემ ოთხმოციანი წლებიდან დაისაკუთრა სახელი ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ქალი მწერლისა.  მის გვარს შეცდომაში არ შეყავხართ, ის სალვადორ ალიენდეს ახლო ნათესავია, რომელიც პინოჩეტიმ დაამხო. მისი წიგნები მსოფლიოს ოცდაშვიდ ენაზეა ნათარგმნი და ოცდათხუთმეტი მილიონი ეგზემლარია დაბეჭდილი.

 პროფესიით ჟურნალისტ ისაბელ ალიენდეს, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “მარკესი კაბაში”,  პოპულარობა 1982 წელს ეწვია, როცა გამოვიდა მისი პირველი და ყველაზე ცნობილი რომანი “სულების სახლი”

 “სულების სახლი” ის წიგნია, რომლის წაკითხვასაც გირჩევთ, იმ პირობით, რომ არ ინანებთ. აქ ბევრს წააწყდებით მარკესისეულს.  წიგნს დაჰკრავს გაბოსეული “მაგიური რეალიზმის” სურნელი, თუმცაღა იზაბელ ალიენდემ სწორედ ამ წიგნში გაკვალა თავისი პირადი ხაზი, რომელიც შემდგომ მის ყველა ნაწარმოებში გადის და რომელმაც ის ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ქალი მწერალი გახადა.

 “სულების სახლი” ჩვეულებრივი “სერიალური” სიუჟეტით იწყება . ღატაკთა შვილს მდიდრის ასული შეუყვარდება და პირიქით. ის საშოვარზე მიდის, რათა პირველი მილიონი იშოვოს. დაბრუნებულს მწვანეთმიანი გოგონა (ლამაზი პასაჟია ) გარდაცვლილი ხვდება. ცოტა ხნის შემდეგ ყმაწვილი გადაწყვეტსს, რომ მისი და ითხოვოს, რომელსაც წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს.

 ბუნებრივია მე არ მოვყვები თუ რა ხდება წიგნში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოსტს დანიშნულება დაეკარგება. გეტყვით იმას რომ სიუჟეტი ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. აქ არის პოლიტიკაც. დემოკრატიული ძალებიც, სამხედრო გადაწყვეტილებაც, დიქტატორული მმართველობაც. ამ წიგნის მიხედვით, ბილე აუგუსტმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელსაც კრიტიკოსები ტაშით არ შეხვდნენ.

 ისაბელ ალიენდე რომანების წერის გარდა ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის დაინტერესებულია ქალთა ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხით. წერს თეატრალურ პიესებსაც.

 გარდა “სულების სახლისა” ალიენდეს სხვა ბევრი საინტერესო რომანი აქვს შეთხზული. “ევა ლუნა”, “სიყვარული და წყვდიადი”, “ევა ლუნას ისტორიები” და სხვა.

მოკლედ, წაიკითხეთ, საინტერესო ქალია. აი ასე გამოიყურება მარკესი კაბაში.