14

“უსახელო ნაბიჭვრები”

 

“უსახელო ნაბიჭვრები” კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმია. საკუთარ თავს უწინ პირობა მივეცი, რომ არასოდეს გადმოვიწერდი კინოს, რომელიც ცუდი ხარისხით იქნებოდა შემოთავაზებული ვებგვერდზე. თუმცა, როცა “უსახელო ნაბიჭვრების” პირატულ და ცუდხარისხიან ვერსიას წავაწყდი, იძულებული გავხდი ეს პირობა დამერღვია, რადგან ძალიან დიდი იყო ჩემი მოლოდინი ამ ფილმის მიმართ. მას შემდეგ რაც ცუდი ხარისხის ჩანაწერი ვნახე, შთაბეჭდილება დამჩა, რომ ეს ის არ იყო, რასაც მოველოდი ტარანტინოსგან. როცა ნაცნობები აზრს მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი: “არის რა – მეთქი”.

 შემდეგ  “უსახელო ნაბიჭვრებს” DVD ფორმატში ვუყურე.  კიდევ ერთხელ დავწმუნდი და ისევ, ამჯერად კატეგორიულად დავუსვი თავს საკითხი, რომ ცუდი ხარისხის ფილმებს აღარ ვუყურებ. ამასვე გირჩევთ თქვენ. იყავით ისეთივე პრეტენზიული კინომოყვარული, როგორიც ჩემი მეგობარი ირაკლი გუნია. რეალურად, მეორე ჯერზე სულ სხვა კინო ვნახე.

 “უსახელო ნაბიჭვრები” ზედმიწევნით კარგად დალაგებული ფილმია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის კინო, რომელიც ერთი კაცის, კვენტინ ტარანტინოს ახირებაზეა აგებული, ხოლო ამ ახირებულ კაცს ძალიან ბევრი უფიქრია თავის სამუშაო გეგმაზე.

 ფილმი ეხება ფაშისტებს, ებრაელების დევნას, საფრანგეთის ოკუპაციას. რეალურად, მართლაც ყელში გვაქვს ამოსული ფილმები ნაცისტებსა და ებრაელების დევნაზე. “შინდლერის სია” ხომ ნანახი მაქვს? – ვფიქრობდი. სინამდვილეში ეს არ არის იმ მეორე მსოფლიო ომის ასახვა, რომელიც ჩვენ ვიცით. ეს სხვა მსოფლიო ომია. ისეთი, როგორადაც წარმოუდგენია ის ტარანტინოს.

 შევეცდები აგიხსნათ: იღვიძებთ დილით და იწყებთ ისტორიული მოვლენების თქვენებურ გადათამაშებას. მაგალითად: არ მოისურვებთ, რომ რომის იმპერია დაშლილიყო,  თემურ ლენგის მამას ცხოვრებაში ორგაზმი განეცადა, ნიქსონს მოსმენები ეწარმოებინა.

 სწორედ ასეთი ფილმია “უსახელო ნაბიჭვრები”. ფილმი აგებულია იმაზე, თუ როგორ ხედავს “თავხედი” ტარანტინო მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს.  მათ ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს, ვპირდები: როცა კინო დამთავრდება, იტყვით: “ტარანტინოს ხედვამ დაგლიჯა”

 ვფიქრობ ფილმი შესანიშნავია არა მხოლოდ სიუჟეტის განვითარებისა და რეჟისურის მხრივ. სურათს მშვენივრად ერგებიან მსახიობებიც. როგორც წესი, ტარანტინო წარმატებულობისა და პოპულარულობის მიხედვით არ არჩევს ხოლმე მსახიობებს (გავიხსენოთ “მაკულატურა” სადაც მან იმ დროისთვის “ჩაძირულ” მსახიობებს მისცა ბურთი და მოედანი), არამედ ის ეძებს შესაფერისს.

 კრისტოფერ ვოლცმა (პოლკოვნიკი ჰანს ლანდა) გადამრია.  ქართველი სპორტული კომენტატორების საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ: ვოლცი მოწოდების სიმაღლეზეა. მის გმირი ფილმის ერთ ეპიზოდში გაამხელს თავის წარმატებულობის საიდუმლოს ებრაელების დაჭერის საქმეში: “მე ვფიქრობ, როგორც ებრაელი”. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ პოლკოვნიკი ლანდას პერსონაჟზე მუშაობისას, ვოლცი ფიქრობდა როგორც გერმანელი ჯარისკაცი, რომელმაც საფრანგეთში მყოფი ყველა ებრაელი უნდა გამოიჭიროს. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ მისი გმირი ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერია.

  დასამახსოვრებელი გმირი ჰყავს ბრედ პიტსსაც. ლეიტენანტი ალდო რეი მთავარი ნაბიჭვარია. მას შვენის ოდნავ წინ გამოწეული ქვედა ყბა და ყელზე შემორჩენილი იარა, რომელიც გვაჩვენებს, რომ როდესღაც ის ძლივს გადაურჩა სულის გაფრთხობას. დაგამახსოვრდებათ ელი როტის გმირიც თავისი ხელკეტით, რომლითაც თავს უჩეჩქვავს ნაცისტებს.

ფირი მილიმეტრებშია გაზომილი. ძნელია ფილმში დაინახოთ ისეთი კადრი, რომელსაც უადგილოდ მიიჩნევთ. ტარანტინომ ყველაფერი ზედმეტი მოიშორა. მუსიკა კადრებს უხდება და ის ზუსტად მაშინ ირთვება, როცა მაყურებელს სჭირდება. გრძელდება მანამ, სანამ მისი ადგილი არის.  

 ამ კინოზე ბევრი დადებითის დაწერა შეიძლება. მე მის მთავარ ღირსებად მაინც რეჟისორის ალტერნატიულ ხედვას მივიჩნევ. ტარანტინომ მოახერხა ვესტერნის თანამედროვეობაში გადმოტანა. ფილმში შექმნა სიტუაციები, რომლის დასასრულსაც მაყურებელი ვერ მიუხვდება, ვერ გამოიცნობს. შექმნა მოულოდნელობის ეფექტი.

 სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ კვენტინ ტარანტინო ამ ფილმში მთავარი ნაბიჭვარია.

Advertisements