ქართველები რუსული КВН-ის პრემიერ ლიგის 2014 წლის ჩემპიონები გამხდარან. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი საქართველოს მოქალაქეების აზრს რამდენიმე ნაწილად გაჰყოფს. დაახლოებით ასე:
- „აბა რა, ქართველებს რო ხალასი იუმორი აქვთ – ტყუილია. გადარიეს რუსის ქალები ხო? გურულები იქნებოდნენ მაგენი, გურულები” – იტყვიან შუახნის აზარტული კაცები და „დუ შაშის” მოლოდინში კამათელს გააგორებენ.
- „დაუთმეს ალბათ, რუსები დამთმობი და შეგნებული ხალხია, ვუყვარვართ მაინც. ის დრო ახსოვთ კაცო, კი არ დავიწყებიათ?! არაფერი ავიწყდებათ მაგათ” – მოაყოლებენ სხვები, ვისაც დალოცვილი რუსული ხიზილალას გემო ჯერაც არ გასვლია პირის ღრუდან.
- „დრო აღარ იყო? შეიძლება რუსეთთან მტრობა? დიდ, თეთრ დათვთან ჩხუბი გაგონილა? არ ჯობია მოვეფეროთ?! კულტურული პოლიტიკა უნდა ავამუშაოთ, ქართული სიმღერა და ცეკვა გადაგვარჩენს” – ამას ალბათ ირმა სოხაძე იტყოდა.
- „სირცხვილია ხალხო! სირცხვილია და სხვა არაფერი” – ვიტყვი მე და აი, რატომ:
2008 წლის სექტემბერში მოსკოველ ნაცნობს ვესაუბრებოდი Skype-ის დახმარებით. საუბარი დავიწყეთ თუ არა, ისეთი შეგრძნება მქონდა, ბოდიშს წამი-წამზე მომიხდის – მეთქი, მაგრამ ეს წამი არნახულად გაიწელა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, რას ამბობს მანდ ხალხი ჩვენ ქვეყნებს შორის რომ იყო, იმ ომზე – მეთქი. ნეტავ არ მეკითხა! „ჩვენ თქვენზე არ ვბრაზობთ, ყველაფერი სააკაშვილის ბრალია, თქვენ რა შუაში ხართ?! აქაურებს ისევ უყვარხართ” – მითხრა მან. ამის გაგონება იყო და ისე გავწყვიტე ლაპარაკი, არც დავმშვიდობებივარ და დიდხანს, ძალიან დიდხანს გაშტერებით შევცქეროდი მონიტორს. მას შემდეგ იმ ადამიანის ხმაც აღარ გამიგია.
რა აზრი გამოდიოდა აქედან? ჩვენი თავისუფლება და მთლიანობა გულში ხანჯლად ერჭობათ, თვალში შუშის ნატეხად უვარდებათ, მაგრამ ჩვენ ვუყვარვართ?! – ბიჯოს, რაღაც არ ჯდებოდა. ეს ფაზლი დიდხანს ვერ ავაწყე, თუმცა, ცოტა ხნის წინ, როცა ქართველი КВН-შიკების მოსკოვურ სცენაზე გამოსვლის ჩანაწერები და რუსი მაყურებლების გაბადრული სახეები დავინახე, ფაზლის ყველა ნაწილი თვითონ ჩასკუპდა თავის ადგილზე.
ქართველების მოსკოვის სცენაზე გამოსვლა უძღები შვილების მამასთან დაბრუნებას ჰგავდა. ერთდროულად ღიმილიან და ცრემლიან დაბრუნებას. ეს იყო შენ თავზე მცხოვრები მრისხანე და ძლიერი მეზობლის ოჯახში გამართული შერიგების ნადიმი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წყლით ჩამოგრეცხა, ხოლო როცა ახვედი და წყრომის სიტყვა გაუბედე, გვარიანად გაგლახა, წიხლი ჩაგაზილა, კიბეებზე დაგაგორა, შეგაგინა და დაგცინა. ბოლოს კი მოგაძახა შენი ადგილი უნდა იცოდეო.
უყურეთ ჩანაწერებს, სავსეა ინტერნეტი ამ „გრუზინულ-ჯიგიტურ-ლოველასური” და სტერეოტიპული ხუმრობებით, რომლებზეც გაბედულად ვერც იტყვი – ხუმრობააო. ეს ჩვენების ძალზედ უსუსური მარკეტინგული გათვლაა, რომელსაც სახელად „უსამშობლოო ქართველთა მოყვარე რუსების გულის მალამო ჰქვია”. სწორედ ასეთი ქართველები უყვართ და ართობთ ჩვენს ძალიან ერთმორწმუნეებს – მთიელი, მაგრამ უფაფახო რომანტიული Джигит-ები, ოდნავ ჭკუასუსტები, მოქეიფეები, ნაირ-ნაირი სადღეგრძელოების მცოდნეები, ქალის გულისთვის ვითომდა ყველაფრის ჩამდენები, სექსის მანქანები, მოგმირო ელემენტები, ხელგაშლილები – მოსკოვის რესტორნებში ქალებს ყველაზე მეტ ფულს რომ ახარჯებდნენ, რომელსაც ჯერ ბაზარში მწვანილისა და მანდარინის გაყიდვით შოულობდნენ. აი, ოღონდ ასეთები ვიყოთ და ის რუსი ხალხი მართლა გულში ჩაგვისვამს, ხელის გულზე გვატარებს, ცივ ნიავს არ მოგვაკარებს…
ოოო, ხელის გულზე გამახსენდა: ქართველების მოსკოვში ცხოვრება ვინ დააფინანსა და ვინ არ მიაკარა მათ ცივი ნიავი, თვითონვე გამოგვიმჟღავნეს საქართველოს ნაკრების ფლაგმანებმა – ამიკო ჩოხარაძემ და ლევან გოგორელიანმა, რომლებმაც ამ ამბის ქართველებისთვის სახარებლად პრესკონფერენცია გამართეს. „ფიზიკური კომფორტიდან დაწყებული, მორალური კომფორტით დამთავრებული მიხეილ ხუბუტიამ იზრუნა ჩვენზე” – თქვა ამიკომ. რუსეთში ჩასული გურჯი კაცისთვის ფიზიკური კომფორტი რაცაა, ამაზე დიდხანს ნუ გავჩერდებით. აქ მიხეილ ხუბუტიას დიპლიპიტო თავი უფრო საინტერესოა და როგორც აღმოჩნდა ჩვენი მტრის – რუსეთის მეგობარი ამიკოსთვის სულაც არაა მტერი. პირიქით – „ის ჩვენი მეგობარია” – ამბობს მხიარული და საზრიანი. სოსო პავლიაშვილი სულ გვერდში გვედგაო – რუსეთში ყველაზე ცნობილი „გრუზინი”, რომელიც ქართველობას არ კარგავსო. მგონი ნელ-ნელა ვხვდები, რაც არის სინამდვილეში ეს ქართველობა.
გახსოვთ? – ადრე ამბობდნენ ყველაფერი იმ საბჭოური ხიზილალას და გადაშლილი გრძელი ფეხების შუანაწილის გემოს ბრალია რუსეთს რომ ვერ ველევითო („ვაიმე ჩემო ტანია და ვაიმე ჩემო გალია”), მაგრამ ამიკომ ხომ იმ ხიზილალას გემო არ იცის? რა შუაშია აქ საბჭოთა კაცშირი, 37 მანეთი და გაპარსული რუსული ვაგინა? – ამ ყველაფრის ხიბლი, აი, რა არის შუაში და მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხარ შენ.
გეფიცებით, ცივი ოფლი მასხამს, როდესაც ვინმეს სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ. სანამ ამას იტყვით, დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იფიქროთ. ეს უკანასკნელი იარლიყია, რომლის მიწებებაც შეიძლება. მძულს უპასუხისმგებლობა ამ საკითხში და არც ამჯერად ვიტყვი რამეს. სამშობლოს ღალატი ეგრე ადვილი არ არის. ნუ ამჩატდებით შეფასებებში. მითუმეტეს, ქართველთა ნაკრებში ჩემი ორი ნაცნობი დავლანდე – ხალხი, რომლებსაც შეხვედრისას ხელს ვართმევ და გულითად სალამს ვეუბნებით ერთმანეთს. საკუთარი თავისგანაც და ბევრი სხვისგანაც ვიცი, რომ მათ კაიკაცობაში ეჭვის შეტანა არ იქნება სწორი. ის, რასაც ხუბუტიაზე ვიტყვი, არასოდეს დამცდება მათზე. არადა, სწორედ ამ ორი ადამიანის დანახვამ მატკინა გული ყველაზე მეტად.
ერთხელ მამაჩემმა მითხრა, ორგაზმის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება – შეცდომასაც ხედავ და სწორ საქციელსაცო. აი, ორგაზმამდე რომ ისწავლი მტყუან-მართალის გარჩევას, ეგაა ნამდვილი ხელოვნებაო.
ნამდვილ ხელოვნებას გაუმარჯოს!